воскресенье, 3 марта 2013 г.

ბავშვი და კომპიუტერი

ჩვენს დროში, ინფორმაციის საოცარი მოზღვავების ჟამს, კომპიუტერმა ფართოდ შემოაბიჯა ადამიანის ცხოვრებაში. ბევრს ვეღარც კი წარმოუდგენია ცხოვრება ტექნიკის ამ საოცრების გარეშე. გასაკვირი არ არის, რომ ის უკვე ბავშვებისთვისაც ჩვეულებრივი მოხმარების საგნად იქცა.
კომპიუტერთან ურთიერთობას ბავშვი ადრე იწყებს - 2,5-3 წლისა უკვე ერთობა განმავითარებელი პროგრამებითა და კომპიუტერული თამაშებით, რომლებიც ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, რეაქციის სისწრაფეს, ხელის მოტორიკას, აცნობს ბავშვს ასოებს, რიცხვებს და გარემომცველი სამყაროს სხვა რეალიებს. პატარებს ძალიან უყვართ ინტერაქტიული სათამაშოები. სწორედ ასეთი სათამაშოა მათთვის კომპიუტერიც.

ბევრი ბავშვისთვის კომპიუტერი ყველაფერია, გონიერი მანქანა თითქმის მთლიანად ავსებს მათ ცხოვრებას. საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის მოზარდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად უმცროსკლასელები და სკოლამდელებიც კი საათობით სხედან მონიტორის წინ. ეს მშობლებს აშფოთებთ, თუმცა მათი მცდელობა, აუკრძალონ შვილებს კომპიუტერით დიდხანს გართობა, ამაოა.
თანამედროვე სამყაროში კომპიუტერი უბრალოდ აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ყველაფერი კარგია ზომიერად. ძალიან სასარგებლო წამალიც კი ჭარბი დოზით საწამლავად იქცევა.

Комментариев нет:

Отправить комментарий